მოდი ვაღიაროთ, ბავშვობაში (თუმცა, რატომ მხოლოდ ბავშვობაში) ყველა ვიყავით რომელიმე წიგნის პერსონაჟზე ყურებამდე შეყვარებული.
ალბათ რამდენჯერ “გადმოგვიყვანია” წიგნის ფურცლებიდან, გვინახავს მათთან ერთად დაისი, დაგვილევია ჩაი და გვიცხოვრია “დიდხანს და ბედნიერად”, ან ამ პერსონაჟის ანალოგი დიდხანს და გულმოდგინედ გვიძებნია რეალურ ცხოვრებაში.
ის შეიძლება გვიყვარდეს მხოლოდ კითხვის დროს, ან მთელი ცხოვრება, ან ახალ წიგნში აღმოჩენილ ახალ სიყვარულამდე.
ის არ იეჭვიანებს, დარჩება მუდამ ისეთი განუმეორებელი, როგორც პირველი წაკითხვისას და არასდროს, არასდროს გაგვიცრუებს იმედებს, არც გულს გვატკენს, არც მოულოდნელად მიგვატოვებს.
მაინც რატომ გვიყვარდება გამოგონილი პერსონაჟები?
რატომ გვიყვარდება მათი გამოგონილი ცხოვრება?
იქნებ მწერლები განზრახ გვაჩეჩებენ “სალოცავ ხატებს”, რომ რეალობამ უფრო მეტად გაგვიცრუოს იმედები და უფრო მეტად შეგვიყვარდეს მათი წიგნები?
სულ არაა აუცილებელი იდეალური პერსონაჟი გიყვარდეს. საერთოდ, არსებობენ კი იდეალური პერსონაჟები?
არც ისაა აუცილებელი, მწერალს დიდი მონდომებით ჰქონდეს აღწერილი შენი “სიყვარულის” ნატიფი ნაკვთები.
მკითხველები, სწორედ იმიტომ ვართ პრივილეგირებული ადამიანები, რომ შეგვიძლია საყვარელ პერსონაჟი ჩვენივე გემოვნებით გამოვძერწოთ ჩვენს გონებაში, მწერალმა ხომ ის ჩვენ გვაჩუქა.
შეგვიძლია თავიდან გადავწეროთ მთელი სიუჟეტი (საკუთარ თავში, რა თქმა უნდა), მთავარი მოქმედი გმირი ქალი წიგნიდან გავაქროთ და მის ნაცვლად ჩვენ ვისეირნოთ ცხენზე ამხედრებულებმა ნისლიან ტყეებში, ან უსწრაფესი მანქანებით ვიქროლოთ გზებზე, ან ვიჯადოქროთ და სიგიჟეები ჩავიდინოთ.
არ ვიცი, ბიჭები ვისზე, მაგრამ თანამედროვე გოგოები, ალბათ, კრისტიან გრეიზე გიჟდებიან (გრეის ორმოცდაათი ელფერი/ორმოცდაათი ელფერით მუქი)
მოსწონთ მისი იდეალური გარეგნობა, იდეალური საბანკო ანგარიშები, იდეალური ცხოვრება, იდეალური ბინა და იქნებ ისიც, რაც ამ ბინის ერთ-ერთ ოთახში იმალება.
თუმცა კრისტიან გრეი ახლოსაც კი ვერასდროს მივა ქალების ყველა დროის ყველაზე საყვარელ მისტერ დარსისთან (სიამაყე და მცდარი აზრი)
იშვიათად მეგულება გოგო, რომელსაც ერთხელ მაინც არ უოცნებია ლიზ ბენეტობაზე, სწორედ მისტერ დარსის ხათრით.
თუმცა, უნდა ვაღიარო, წინა პოსტშიც აღვნიშნე და ახლაც ვამბობ, ოსტინის რომანები და მე ვერ ვახერხებთ კოაბიტაციას, ამიტომ, თვით მისტერ დარსიმაც კი ვერ მოახერხა ჩემი გულის მონადირება.
როცა პოსტის წერა დავიწყე, დავფიქრდი და ვერ გავიხსენე პერსონაჟი, რომელზეც შეყვარებული, “დაქრაშული” ვიყავი.
ვერცერთ ასაკში, ვერავინ მოახერხა ჩემთვის თავი შეეყვარებინა, მგონი, დიდი უგულო ვინმე ვარ.
შეიძლება წამით მომჩვენებია, რომ “ის” “ისაა” და რომ “მასთან” ერთად რეალურ ცხოვრებაშიც გავაგრძელებდი გზას, მაგრამ ეს ფიქრები ფურცლის გადაშლისთანავე ქრებოდა.
არ მიყვარდა არავინ, მარტინ იდენით დაწყებული (ან რატომ უნდა შემყვარებოდა ეგ ბანალური ბიჭი) მურაკამის “დასავლური მუსიკის” მოყვარული პერსონაჟებით დამთავრებული.
სულაც არ მშურდა ბეკი ტეთჩერის, ტომ სოიერის გამო, არ მომწონდა არცერთი ბიჭი პოტერიადადან,მხოლოდ ვმეგობრობდი შერლოკ ჰოლმსთან, მხოლოდ აღვფრთოვანებული ვიყავი მაკმერფით (“ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”), გულით შევიძულე ძმები კარამაზოვები რასკოლნიკოვთან ტანდემში,დასანახად ვერ ვიტანდი ვრონსკის,(“ანა კარენინა”) არც ჰანს კასტორფი (“ჯადოსნური მთა”) მეხატება გულზე, (თუმცა, ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ აქვს რეაბილიტირების შანსი).
მსოფლიო ლიტერატურის უკეთილშობილესი პერსონაჟი ატიკუს ფინჩიც კი (“ნუ მოკლავ ჯაფარას”), მხოლოდ პატივისცემას იწვევს ჩემში და არა სიყვარულს, არ მიყვარდა ექიმი რავიკი (“ტრიუმფალური თაღი”) (საერთოდ, რემარკის “კაცები” რაღაც ვერ), არც არჩერი იყო ოცნების პრინცი (“უმანკოების ხანა”), ედუარდ როჩესტერი კი, დიდი ეგოიტსი და მედიდური ვინმე გახლდათ, ჩემი აზრით. სულ ცოტათი თანავუგრძნობდი ჰუმბერტ ჰუმბერტს (“ლოლიტა”), დავცინოდი გეთსბის, ანტიპათიით ვიყავი განწყობილი დათა თუთაშხიასადმი და კონსტანტინე გამსახურდიას მთელი “საკაცეთისადმი”,არ მომწონდა არც ჰექსლეი (“შელოცვა რადიოთი”), 5 უდიდესი კანუდოსელდანაც კი ვერცერთმა მოახერხა ჩემი გულის მოგება.
პოსტს თვალი გადავავლე და მივხვდი, სიყვარულზე კი არა სიძულვილზე დამიწერია, ამიტომ კიდევ ერთხელ დავფიქრდი იქნებ მაინც არსებობდა ვინმე, ვინმე, ვინც შეიძლებოდა “ის” ყოფილიყო და ორი პერსონაჟი გამახსენდა.
პირველი Colonel Brandon-ია, ჯეინ ოსტინის Sense and Sensibility-დან.
აი, ვიარე, ვიარე და ისევ ოსტინ მივადექი, არადა, კაცმა რომ მკითხოს, საერთოდ, არ ვარ მისი ჟანრის თაყვანისმცემელი.
ბრენდონი წიგნში, ერთი შეხედვით, ბევრი არაფერი პერსონაჟია, (ვიმეორებ, ერთი შეხედვით)ისეთია, მისდამი თანაგრძნობა და პროტესტი ერთდროულად რომ გაგიჩნდება ადამიანს, თუმცა, სინამდვილეში, ძალიან მგრძნობიარე კაცია, რომლიც მშვიდი და ინდეფერენტული გარეგნობის მიღმა ღრმა სულიერი სამყარო, სიყვარულის საოცარი უნარი და საყვარელი ქალისადმი უდიდესი პატივისცემა იმალება.
თუმცა, უნდა ვაღიარო მისი ეს თვისებები ჩემს სიმპათიასთან არაფერ შუაშია, ქალებს ხომ ნაკლებად მოსწონთ ასეთი კაცები, ყველაფერი იმის გამოა, რომ წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმში ბრენდონის როლს ალან რიკმანი თამაშობს და პირველ სცენაში მისი ნახვისთანავე მე ის თავდავიწყებით შემიყვარდა. მართალია, ფილმის დასრულების შემდეგ ისევ გადამიყვარდა, მაგრამ არ ვიცი, ვის უნდა ეთამაშა ეს როლი ასე ორგანულად, თუ არა რიკმანს.
მეორე სიყვარული კი (უკეთესია თუ ვიტყვი-პირველი) ფილმთან არაფერ შუაშია, მეტიც წიგნთანაც არაფერ შუაშია, ის სქელტანიანი რომანის პერსონაჟი არ არის, რომელიც ნელ-ნელა გიყვარდება, სადღაც მეხუთასე ფურცელზე უკვე პეპლებს გრძნობ მუცელში, ის არც საკულტო გმირია, არც პრინცესა დაუხსნია ტყვეობიდან, არც მეცნიერებაში მიუღწევია რამისთვის, არც მებრძოლია, არც სიყვარულისთვის თავდადებული, ერთი პატარა ზაფხულის მზით გაჯერებული მოთხრობის პერსონაჟია, მაგრამ ამ პოსტის წერისას მივხვდი, რომ მე ის ძალიან მიყვარდა.
არასდროს მიფიქრია,როგორი შეიძლება ყოფილიყო ის, როგორი თმა ჰქონდა, ან როგორ პიჯაკებს იცვამდა, არასდროს დამიგეგმავს მასთან ერთად პიკნიკი და არც მის ცოლობაზე მიოცნებია, ის ზაფხულის ერთ თვალისმომჭრელ დღეს გავიცანი და ეს გაელვება უბრალოდ დარჩა ჩემთან.
დიახ, მე მიყვარდა სიმორ გლასი, დიახ, ის სიმორ გლასი, სიბილს ბანანებით გატენილ ღორმუცელა თევზებზე რომ უყვება.
თქვენც მომიყევით თქვენ ლიტერატურულ სიყვარულებზე.
მგონი, ჩემი და დარსის სიყვარული კოლინის დამსახურება უფროა, ვიდრე ჯეინის 😀 ყველას მაინც ერასტ ფანდორინი მირჩევნია ❤
წარმოუდგენელია, მაგრამ კოლინის ხათრითაც არ შემიყვარდა ეგ ეგოისტი კაცი 😃😃
ფანდორინი თემაა
მე მიყვარდებოდა ხოლმე 🙂 ყველას რა ჩამოთვლის, მაგრამ ზოგს ვიტყვი: დიკ სენდი-მცირეწლოვნობის სიყვარული,ნაგელი,ალუდა,მანუელა კოსტა, მოგელა.ამ ბოლო ხანებში ვერავინ შეძლო ჩემი გულის მოგება 🙂
ასეა, ვიზრდებით და ვკარგავთ მაგ უნარს, ან მწერლები ვეღარ წერენ 😃
აკას კაცებს ვიყვარებ სულითა და გულით :დ
პლეხანოველ მოგელაზე კარგი ვინ უნდა იყოს
დათა ვისრამიანზე
ლევიკოზე
ალესანდრო და კოსტა ჰო საერთოდ ჭკუიდან მშლის
სხვებიც არიან, მაგრამ ლიტერატურულ სიყვარულებს თუ გავიხსენებ, პირველი მაინც მოგელა იყო ❤
გამაოცე
არასდოს დამიშვია რომ აკას რომელიმე გმირი მომეწონებოდა ‘იმ პონტში’ 😊😊 და გამიხარდა შენი კომენტარი აქ