ბედნიერი ახალი წელი

                 ძალიან ცუდი საახალწლო ზღაპარი მეგობრისთვის

ხანდახან რა რთულია.
გარეთ ყველაფერი ფეთქდება, შენს ფანჯრებთან ფოიერვერკები ყირაზე გადადიან, შენ ზიხარ გაყინული თვალებით და იხსენებ იმ დროს როცა ახალი წელი გიხაროდა.
საახალწლოდ ტელევიზორს არ უყურებ, ყველგან რომანტიკული საშობაო მელოდრამები, ბედნიერი დასასრულით, იქნებ სადმე “ბედის ირონიაც” გადიოდეს, მაგრამ მაგას უკვე აღარ აჩვენებენ.
არავითარი ნაძვის ხე, არც სახლს ეტყობა ახალი წელი, პატარა ჩიჩილაკი დგას კუთხეში, ისიც თითქოს მოწყენილია, აჰყოლია შენი სახლის მელანქოლიას.
ფანჯარასთან ჯიუტად არ მიდიხარ, არ გინდა გახედო ანეთებულ ფანჯრებს, იქნებ მომღიმარი სახეებიც გაარჩიო, ფანჯარასთან მომდგარი ბავშვები ხტიან და მაშხალებს ანთებენ, მამები ხელში იყვანენ და მერე თბილისის ნაცრისფერ ცაზე ვარსკვლავებად ენთება პეტარდები. ლამაზი დედები განათებული თვალებით შეჰყურებენ ოჯახს (ამას ვერ ხედავ, უფრო გრძნობ) მერე ფანჯარას ხურავენ, სახლში ალბათ სითბოა, საახალწლო სუფრა, სიყვარული. 
ღმერთო, რამდენს იტევს ყოველი განათებული ფანჯარა, ოთხკუთხედებში შეყუჟულა ცხოვრება. 
შენი ფანჯარა რას ამბობს?
არაფერს, ცარიელია შენი თვალებივით, გამოხურული და გამოხუნებული.
ხომ შეგეძლო ერთი ფერადი გირლიანდა მაინც მიგემაგრებინა?!
ჰოდა ჯიუტად არ მიდიხარ ფანჯარასთან. მის მიღმა სხვების ცხოვრებაა, საახალწლო განწყობით, გრძნობებით სავსე.
 ალბათ საყვარელ წიგნს გადმოიღებ, სავარძელში ჩაჯდები, ისევ აგაფორიაქებს ფოიერვერკების ხმა, შეიჭმუხნები. მეათასედ წაკითხული წიგნიც მოგბეზრდა.
კომპიუტერსაც ჯიუტად არ რთავ, იქ, ვირტუალურ სამყაროში მეგობრები შენც გყავს, იქნებ ვინმე მოგილოცოს კიდეც საძულველი დღესასწაული თავისი თბილი და ადამიანებით სავსე სახლიდან, შენც მადლობა უნდა უთხრა, ბედნიერება უსურვო, დააჯერო რომ შენც ბედნიერი ხარ, მერე უყურო როგორ ივსება შენი კედელი შაბლონური მილოცვებით, უყურო შენი ცარიელი თვალებით.
ჩაიდან დადგამ, ჰო, მაგარია ახალი წლის ჩაით შეხვედრა.
ისევ ჯდები სავარძელში, ტელევიზორში ისევ რომანტიკული მელოდრამებია (ალბათ), ფანჯრებთან ისევ ფოიერვერკები დაჰქრიან.
რა გრჩება?
მოგონებები, მოგონებები იმ დროზე, ახალი წელი შენც რომ გიყვარდა და გიხაროდა, როცა თვალებიც ენთო. ალბათ ვერასდროს გაუგებ ქმრის მხარზე მიყრდნობილ ლამაზღიმილიან დედებს ახალი წელი რომ უხარიათ, აქვთ თუ არა ძვირფასი სუფრა მაინც რომ უხარიათ.
ვერ გაუგებ, მაგრამ იქნებ გული არც გწყდება.
ჩაიდნის სტვენა გაწყვეტინებს ფიქრს, ხვდები რომ ჩაი აღარ გინდა, არც არაფერი, უყურებ კუთხეში მიდგმულ პატარა ჩიჩილაკს.
დგები, გაყინულ საძინებელში შედიხარ, ლოგინის ქვეშიდან დიდი ჩემოდანი გამოგაქვს. ხსნი. თვალს გჭრის ნაძვის ხის ათასფერი მორთულობა,თვალებში ის ძველებური სხივი ბრუნდება, სულ ერთი წამი, ერთი გაელვება და ისევ გქრება, ხელებს უღონოდ აწყობ ყუთზე, ნატიფ, ფერად სათამაშოებს უჭერ, თითებში ტკაცუნობს მყიფე მინა და იმსხვრევა.
ოთახში ბრუნდები, ჩაიდანი ისევ აგრძელებს სტვენას, ფოიერვერკები მიყუჩდნენ, ფანჯრიდან ისევ მოჩანს სხვისი ცხოვრების პატარა ოთხკუთხედები.
შეგრძნება რომ ვინმეს ენატრები არ გაქვს!
ხანდახან რა რთულია!

ჩაიდანი ალბათ სულ ჩაშრა.

      ჭირი აქა, ლხინიც აქა
       მზეც აქა და მთვარეც აქა
      ქატოც აქა, ფქილიც აქა

About agatako

ზარმაცი გოგო
This entry was posted in ბოდიალა, პირადი, პირადი ბოდვები, ფერად ბლოგზე and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to ბედნიერი ახალი წელი

  1. mtisyoili says:

    ვაი ^_^
    ისე ჩავიკითხე ბოლომდე, თითქოს ჩემზე ეწერაო ♥

    • agatako says:

      უფ თე რას ამბობ, ღმერთმა დაგიფაროს იმ შეგრძნებისგან არავის რომ არ ენატრები ;დ ))
      <3

  2. Anuka says:

    აგააათ რამ გადაგრიააა???? : (( ცოოტაც და მართლა ვიტირებდი :(

  3. glamtaia says:

    რატომ ასეთი პესიმისტური? აბიტურიენტის დაძბაული რეჟიის ბრალი უუნდა იყოს :)

    • agatako says:

      არაა ეს ჩემი ახალი წელი :დ
      არც არავისი იმედია :დ
      ჯასთ ვიმწერლე და რამე, ოღონდ უნიჭოდ :შ

  4. bankfree says:

    არასოდეს არ შევხვედრივარ ასეთ სიტუაციში :) ყოველთვის ხალხმრავალ ადგილას ვხვდებოდი, ბოლო რამდენიმე წელია რესტორანში გავდივართ და მაგრად ვერთობით ხოლმე :) ოკ მე იმის თქმა მინდა არ ვიცი მასე შეხვედრა კარგია თუ ცუდი? უნიჭოდ კი ნამდვილად არ იყო, მომეწონა, მაგრამ რა განწყობაც დამიტოვა არა :) ასე მოწყენილი შეხვედრა ახალ წელს mtisyoili რატომ გადაწყვიტე?

  5. არასოდეს არ შევხვედრივარ ასეთ სიტუაციში :) ყოველთვის ხალხმრავალ ადგილას ვხვდებოდი, ბოლო რამდენიმე წელია რესტორანში გავდივართ და მაგრად ვერთობით ხოლმე :) ოკ მე იმის თქმა მინდა არ ვიცი მასე შეხვედრა კარგია თუ ცუდი? უნიჭოდ კი ნამდვილად არ იყო, მომეწონა, მაგრამ რა განწყობაც დამიტოვა არა :) ასე მოწყენილი შეხვედრა ახალ წელს mtisyoili რატომ გადაწყვიტე?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s