ორჰან ფამუქზე იმდენს წერენ ქართულ ბლოგსფეროში მე ნამდვილად გამიჭირდება რამე ახალი ვთქვა.
ერთი კია, ამ კაცმა ისე საოცარი ფერებით დახატა მეთექვსმეტე საუკუნის ბოლო ათწლეულის სტამბოლური ზამთრის ცხრა თოვლიანი დღე, რომ მკითხველს არასდროს დაავიწყდება.
”მე წითელი მქვია” ყველაზე ფერადოვანი და ოპტიმიზმით აღსავსე წიგნია, ასე თვლის ავტორი, მე კი ვფიქრობ, რომ ეს არის წიგნი თურქულის ყავის თავბრუდამხვევი არომატით, საოცარი ორნამენტებით, მძიმე, მუქი წითელი ფერით და იმ მსუბუქი მისტიკით ფამუქის სამყაროს რომ სდევს.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ამ წიგნის მშვენიერ თარგმანს გთავაზობთ (საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით) ამიტომ გადადით ამ ლინკზე და თქვენც ჩაიძირეთ საოცრად ლამაზ და შთამბეჭდავ რომანში და იპოვეთ მისი ყველა საიდუმლო.
დასაწყისი კი სარეკლამო მოწოდებასავით გამომივიდა, მაგრამ “მე წითელი მქვია” მართლა კარგი წიგნია.
პირველად ფერმა მიმიზიდა, მსუყე, სავსე წითელი ყდა, ლამაზად გამოყვანილი ასოები “BENIM ADIM KIRMIZI” ყირმიზი, ასე ვთარგმნე ეს სიტყვა და იმწუთას გამახსენდა გამოთქვა თეთრყირმიზა, თეთრ-წითელი, რძე და ღვინო. მერე ყდის დანარჩენი ნაწილიც დავინახე და იმედი გამიმართლადა “მე წითელი მქვია” იუწყებოდა წარწერა, ორჰან ფამუქი, მოჩანდა ზევით. ფამუქი, ფამუქი, სადღაც გამიგია ეს გვარი. მერე გამახსენდა მეგობრების მიერ ნაქები თურქი მწერალი, ნობელიანტი თანაც დამაინტრიგებლად საინტერესო წიგნების ავტორი.
მალე ეს მუქწითელი, სქელყდიანი წიგნი ჩემი გახდა.
საერთოდ არ მჩვევია წიგნების ბრმად ყიდვა, მაგრამ ეს გამონაკლისი იყო, რომელმაც გაამართლა.
“მსოფლიო კლასიკა” ეწერა პირველივე ფურცელზე. შემდეგ ფურცელზე უბრალოდ წაეწერათ რუიას.
მერე ყურანიდან ნაწყვეტმა ფრაზებმაც შემომანათა.
მე მკვდარი ვარ
დიდი ვერაფერი დასაწყისია ზაფხულის სიცხეში წასაკითხი წიგნითვის, მაგრამ მე მაინც დავიწყდე. დავიწყე და გავჩერდი, გავჩერდი და მთელი თვე აღარ გადამიშლია.
ერთი თვის შემდეგ მივუბრუნდი, წაკითხული თავები გადავიკითხე და უცებ ვიგრძენი ის მაგია, ასე რომ მიმაჯაჭვა ამ წიგნს. არ ვიცი რატომ ვერ გავაგრძელე თავიდანვე კითხვა. ვკითხულობდი სულმოუთქმელად, მინდოდა ერთ დღეში დამემთავრებინა, გამომეცნო დიდი საიდუმლო, მენახა ყველა ნახატი. ვკითხულობდი და ცხადად ცოცხლდებოდა ყველა ფერი, ფერები რომლებიც ასე უხვადაა წიგნში.
დავამთავრე. ცოტა ხანს გაბრუებული ვიჯექი. ასეა ყველა კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ, ვცდილობდი გონებაში ჩამებეჭდა ყველა ფერი, ყველა განწყობა, ყველა სურნელი, ის საოცარი არომატები, რომლითაც სავსეა ეს წიგნი. ვცდილობდი შემეფასებინა ყველა პერსონაჟი, ლამაზი შექურე,ყარა, ოსტატი ოსმანი და რა თქმა უნდა ზეითანი, ქელებექი და ლეილექი. მათი თავაშვებული ცხოვრება, ყავა, შეგირდი ბიჭები.
ამ წიგნში ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ფერებია. მსუყე, სავსე, ოდნავ მძიმე ფერები, წითელი, ყვითელი, ოქროსფერი, აღმოსავლური გრავიურასავით მრავალფეროვანი და ერთმანეთს შერწყმული.
მოკლედ ამ წიგნმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ჩემი ბიბლიოთეკის ბეჭდით დამშვენებული კარადაში საყვარელი წიგნების გვერდით დავდე.
-თაკ, რამე კარგი წიგნი მათხოვე. მეგობარია, კარადასთან დგას და ჩემს წიგნებს ათვალიერებს.
-გაქვს რამე ახალი და საინტერესო?
მე კომპიუტერთან ვზივარ და ყურადღებას არ ვაქცევ.
-ეს რა არის? ვბრუნდები. ხელში სქელტანიანი, წითელი წიგნი უჭირავს. მეღიმება
-ეგ წაიღე თუ გინდა ოღონდ მალე უნდა მომიტანო.-ვაიმე, ვაიმე. აღფრთოვანებულია, ხელში ისევ წითელი წიგნი უჭირავს.
-რა მაგარი ვინმეა ეს ფამუქი, აი ის მოგეწონა, აი მკვლელ..
-ჩუ! ვაწყვეტინებ.
-რაღა მაინცდამაინც მაგ წიგნს ეცი?
-რავიცი, ფერმა მიმიზიდა. ამბობს და ზუსტად ფამუქის წითელი ფერით გალაქულ ფრჩხილებს ცხვირწინ მიქნევს.
-ჰო, საოცარი ფერია
-საოცარი წიგნი.








